TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
heroeS, interview

თამო ჯუღელი: "შემოქმედების პროცესში მთელი ჩემი ქვეცნობიერია ჩართული"

— გამარჯობა, მოგვიყევი შენს შესახებ
— მე ვარ თამო ჯუღელი, არტისტი თბილისიდან.

ხატვა მოულოდნელად, 22 წლის ასაკში დავიწყე.

პირველი ნახატი ესე შეიქმნა: ვიყავი არასასიამოვნო გარემოში, სადაც ჩემი ადგილი საერთოდ არ იყო. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც, სავარაუდოდ, გალიაში ჩაკეტილი ცხოველი ან ფრინველი გრძნობს. ამ დაძაბულობის ფონზე, ნერვიულად დავიწყე ფურცელზე სკეჩის გაკეთება — იმ მიზნით, რომ სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება და იმ მოზღვავებული, არც თუ ისე სასიამოვნო ენერგიისგან დავცლილიყავი. ნახატი რომ დავასრულე არც კი შემიხედავს, უბრალოდ დავიცალე და მანდ დამთავრდა ჩემი და იმ ნახატის ურთიერთობა.

რამოდენიმე დღის შემდეგ, არ ვიცი რატომ, გაუცნობიერებლად ვიყიდე სკეჩბუქი და პასტელები.

იმ ღამეს ძალიან ბევრი ნახატი დავხატე და მას მერე არც გავჩერებულვარ.

ჩემი ხატვის პროცესი იმპულსურია: როგორი დიდიც არ უნდა იყოს ტილო თუ კედელი, — თუ ხატვა დავიწყე, დაძინებამდე უნდა დასრულდეს. არ ვაკეთებ სკეჩებს, არც იმას ვგეგმავ, რას დავხატავ, და არც წარმოვიდგენ. თვითონ პროცესში მოდის ყველაფერი, და სწორედ ეს პროცესია ყველაზე გულწრფელი და ნამდვილი, სადაც მთლიანად ჩემი ქვეცნობიერია ჩართული მოქმედებაში.

იყო ერთი შემთხვევა, როდესაც შეკვეთას ვაკეთებდი: მქონდა თემა, რაც ჩემს სტილთან ახლოს იყო, საბოლოო შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ მაინც ყველაზე არასასიამოვნო პროცესი იყო, ხატვა უკვე მოცემული თემის ირგვლივ; ის მისტიურობა და თავისუფლება მთლიანად დაიკარგა და დაემსგავსა დავალებას. დავალებები კი არ მიყვარს.

ძირითადად ვხატავ აკრილით, ზეთით, პასტელებით და მელნით, პროგრამებში/კომპიუტერში ხატვა არ მიყვარს, მირჩევნია პირდაპირი კონტაქტი მქონდეს ტილოსთან და საღებავებთან, ამიტომ თუ მნიშვნელოვანი პროქტი არ არის, ილუსტრატორს/ფოტოშოფს საერთოდ არ ვეკარები.
— აღწერე შენი ერთი დღე. რა გეხმარება წინსვლაში?
— წინსვლაში რა მეხმარება არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2 წელიც არ არის რაც ვხატავ, ეს მდგომარეობა იმდენად ბუნებრივი გახდა ჩემთვის, როგორც ის, რომ უნდ ავჭამო — იმიტომ რომ არ მოვკვდე, და კიდევ იმიტომ, რომ მსიამოვნებს.

ჩემი ჩვეულებრივი დღე — ძირითად დროს ვატარებ ჩემს ოთახში, სადაც ვხატავ, ვუსმენ მუსიკას, ვკითხულობ, ვუყურებ კინოებს, მოდიან მეგობრები ან მე მივდივარ მეგობრებთან.

— მოგვიყევი შენს გეგმებზე, რომელ პროექტებში მიგიღია მონაწილეობა?
— გეგმებზე ლაპარაკი სახალხოდ არ მიყვარს.

ამ მოკლე დროში მივიღე მონაწილეობა JWT Metro-ს პროექტში "ანბანით მოთხრობილი საქართველო". ასევე არტ ვილა გარიყულას 2018 წლის სარეზიდენციოპროგრამაში და მქონდა ჯგუფური გამოფენა.

2018 წლის 11 ივნისს ჩემი ნამუშევრები, Art up/Street gallery-ის დახმარებით გამოფენილი იქნება ბათუმში 9 ლოკაციაზე.
— რა ზეგავლენა აქვს თბილისს შენს შემოქმედებაზე?
— თბილისის გავლენა ჩემს ნამუშევრებზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ აისახება, ან ჯერ კარგად არ მიფიქრია ამ თემაზე.

რა მაკლია თბილისში — იმდენი რაღაც, რომ ჩამოთვლას აზრიც არ აქვს.

ადგილებს რაც შეეხება, ვთვლი რომ ულამაზესი ბუნება გვაქვს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომელიც თბილისს აღარ შერჩა, ამიტომ უფრო ქალაქგარეთ ადგილები.

— მოგვიყევი შენი შთაგონების წყაროზე
— შთაგონებაა შეგრძნებები, ემოციები, ფიქრები, ადამიანები, წიგნები, კინოები, მუსიკა, სუნები და ჩემი ინსტაგრამი, სადაც სხვა არტისტების ნამუშევრებს ვნახულობ.

ყველაზე გამორჩეული მწერალი ჩემთვის, რომელმაც დიდი ძვრები გამოიწვია ჩემში, არის ჰერმან ჰესსე. რაც შეეხება მხატვრებს, უამრავი მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად ვან გოგი, პაულ კლეე და ბასკიატი.
Пსანამ მხატვარი გავხდებოდი:
ბევრ რამეს მივედ-მოვედე მაგრამ არაფერი არ მანიჭებდა სიამოვნებას.

ვოცნებობ ოდესმე:
ძალიან ძალიან დიდი სტუდია ძალიან ბევრი სამხატვრო მასალით.

ჩემი სიზმრები:
არაფერი განსაკუთრებული, იშვიათად ვხედავ, და თუ რამე მესიზმრება, ისიც ბანალური ცხოვრებისეული.

როდესაც 5 წლის ვიყავი:
ყურები გავიხვრიტე და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

მინდა ვისწავლო:
ფრანგული ენა.

ყველაზე მეტად დედამიწის ზურგზე მიყვარს:
მოგზაურობა.

შთაგონება თამოსაგან

Hermann Hesse
Vincent Willem van Gogh
Jean-Michel Basquiat
მხატვარი, თბილისი, თამო ჯუღელი, თანამედროვე მხატვარი
თამოს კონტაქტი:
ჩემი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ჩემს ინსტაგრამზე
https://www. instagram.com/tamo__j/
რაიმე საქმიანი წინადადების შემთხვევაში jugelitamo1@gmail. com
სურათები თამოს პირადი არქივიდან
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring

ეს ღილაკები გაზიარებაშ დაგეხმარებათ: