TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
theatre, heroeS, interview

ქეთი ზაზანაშვილი: "სამყაროში არ არსებობს შეცდომები, არის მხოლოდ გამოცდილება"

ფიტნეს-ტრენერი და ინკლუზიური საცეკვაო ჯგუფის დამფუძნებელი თბილისში
ავტორი: ალინა ლუნიოვა
პირველად ქეთი ზაზანაშვილი ვნახე ბრიტანული ინკლუზიური საცეკვაო ჯგუფის CanDoCoDance-ის შოუზე. შთამბეჭდავი წარმოდგენის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. ასე გავიგე, რომ ქეთიმ შექმნა და ხელმძღვანელობს ინკლუზიურ საცეკვაო ჯგუფს თბილისში. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ გოგომ და მისმა საქმიანობამ. გაჩნდა სურვილი გაგვეგრძელებინა ურთიერთობა და ყველასათვის მომეყოლა მის შესახებ.

ქეთის ვხვდები მეტროსთან, პარკში, შემდეგ ვსხებით კაფეში, ვსვავთ ჩაის და ვსაუბრობთ. იგი ძალიან გახსნილი ადამიანია, საოცარი ღიმილით, მომცინარი და მსუბუქი ურთიერთობაში. სულმოუთქმელად ვსაუბრობთ, აღმოვაჩინეთ უამრავი საერთო თემატიკა და შეხედულებები — ადამიანებზე და მოვლენებზე. ვაქვეყნებთ ამ საუბრიდან საინტერესო ამონარიდებს.


Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси, Грузия
გაგვეცანი , მოგვიყევი შენს შესახებ
— მე ვარ ქეთი ზაზანაშვილი. ზაზანაშვილი და არა ზაზანიშვილი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

ხუმრობ, ხო!
— საერთოდ, პროფესიით პოლიტოლოგი ვარ, თუმცა ეს თითქმის არავინ იცის. და კიდევ რუსული ენის ფილოლოგი. თბილისში ფილოლოგია დავამთავრე და წავედი ვარშავაში პოლიტოლოგიის შესასწავლად. ვცეკვავ 15 წლიდან, სამეჯლისო ცეკვებს, ლათინოამერიკულ პროგრამას. პოლონეთში ვნახე ეტლებით ცეკვა და ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე — მივხვდი, რომ ამით დავკავდებოდი, როდესაც საქართველოში დავბრუნდები. დავბრუნდი 2013 წელს და აი ასე შემთხვევით (ან არც თუ ისე შემთხვევით), მოკლედ შემთხვევით-გამიზნულად, მოვხვდი ბრიტანული კომპანის CanDoCoDance მასტერკლასზე. გაოგნებული დავრჩი, იმიტომ რომ კონტემპი (contemporary dance — თანამედროვე ცეკვა, რედ.) პირველად ვნახე ესეთი სახით. გადავწყვიტე — ვაუ, რა მაგარია! და ავენთე ამით!

გარდა ამისა, მე ვარ ლიცენზირებული ფიტნეს-ტრენერი, ვატარებ ზუმბა-ფიტნეს გაკვეთილებს. ეს საქმისთვის, დანარჩენი — სულისთვის. თუმცა, ზუმბაც სულისთვის, ძალიან მიყვარს ის. მოკლედ CanDoCoDance მასტერ-კლასის შემდეგ დავაარსე საქართველოს ეტლებით ცეკვის ფედერაცია და ინკლუზიური საცეკვაო ჯგუფი. ეტლებით ცეკვა — ეს ხომ სპორტია, სადაც მონაწილეობა მხოლოდ ეტლებიანებს შეუძლიათ, ხოლო ინკლუზიური ჯგუფი — იქ მოდერნიც გვაქვს, კონტემპიც და თეატრალური წარმოდგენებიც. Dance theatre — ცეკვის თეატრი — ეს ჩემი საბოლოო მიზანია.
Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси, Грузия
— ანუ თეატრი ჯერ არ არის, მაგრამ ამისკენ მიდიხარ?
— უკვე არის, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ჯგუფი — თეატრალურიც არის და საცეკვაოც. თუმცა სრულფასოვანი თეატრი არ შეიძლება დაერქვას, ვინაიდან არ გვაქვს ადგილი, სადაც დადგმები გვექნებოდა...

— შემიძლია გითხრა, რომ ამას დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა თეატრისთვის. თეატრი გამოდის ქალაქში, ქუჩებში.
— ამ აზრით გეთანხმები, ჩვენ თეატრი ვართ. ჩვენ ვართ დაკავებული ინკლუზიური მოძრაობის თეატრით.

— სად შეიძლება თქვენი ნახვა?
— შემთხვევითობიდან შემთხვევითობამდე. გამოვდივართ სხვადასხვა ფესტივალებზე ან საცეკვაო ჩემპიონატებში ვიღებთ მონაწილეობას. თუმცა მალე ჩვენი თეატრალური შოუს ნახვა იქნება შესაძლებელი!
Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси лучшее, современная Грузия
— გაქვთ თუ არა რაიმე შეხება მოძრაობის თეატრთან? თანამშრომლობთ? ან თუ გეგმავთ ერთობლივ პროექტებს.
— არავითარი. პრობლემა იმაშია, რომ აქ არავის უნდა გაერთიანება, ყველას უნდა მხოლოდ თავად აკეთოს. ერთმანეთს რატომღაც კონკურენტებად აღიქვამენ და არ ეხმარებიან. თუმცა საქართველოში ისე ცოტა რამ ხდება კულტურის მხრივ, რომ კონკურენცია პრინციპში შეუძლებელია. ორგანიზაციები, კომპანიები, იგივე თეატრები, რომელთაც აქვთ პრეტენზია რომ გააჩნიათ ისტორია და მაგრები არიან, თუმცა ეს "მაგრობაც" შეფარდებითია, — მათ არ სურთ მსგავს პატარა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. შესაძლოა, მე არასაკმარისად ვეცადე. ვცადე მისვლა და თხოვნა. მაგრამ როდესაც ათჯერ უარით გისტუმრებენ, მოტივაციას კარგავ ადამიანი და აღარ გინდა მისვლა და ხვეწნა. ჩემთვის ეს უცნაურია — თუ შენ, მაგალითისთვის, იცი რომ ვარსებობთ, რატომაც არ უნდა დაგვიკავშირდე?

იგივე მოძრაობის თეატრმა დადგა საკუთარი ინკლუზიური წარმოდგენა. ძალიან სასიხარულოა, რომ აქვთ მსგავსი ინიციატივა, მაგრამ რატომღაც არ შემოგვთავაზეს, რომ ერთობლიად გვექნა ეს. მე ხომ ამის სპეციალისტი ვარ. საერთოდაც, ერთად უფრო მხიარულიც იქნებოდა და უფრო სწრაფადაც წაიწევდა წინ საქმე. მაგრამ — არა, არასოდეს შემოუთავაზებიათ, ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ!

— მე კი არ მინახავს მათთან ინკლუზიური სპექტაკლი. ანონსებიც კი არ მინახავს.
— აი ხომ ხედავ. მათ კი აქვთ ინკლუზიური, იმ მოცეკვავეებთან ერთადაც კი, რომლებთანაც მე ვმუშაობდი. მათ შეაგროვეს ხალხის ჯგუფი შეზღუდული მენტალური შესაძლებლობით და ცდილობენ რაღაცის შექმნას. თანამშრომლობა არ უნდათ.

— როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?
— რატომ არ უნდათ თანამშრომლობა და ასე ფრთხილობენ ერთმანეთის მიმართ — არ ვიცი. ალბათ საბჭოთა კავშირი გვახსენებს თავს, როდესაც ყველა ერთამენთს ასმენდა რაღაცაში. ნდობა ჯერაც არ არის. მე მაინც გახსნილი ვარ კავშირებისთვის და ერთობლივი პროექტებისთვის, თუმცა ძალიან პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ.
Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси лучшее, современная Грузия
— სლოვენიაში საგანმანათლებო ტური ახსენე..
— არის ევროკავშირის ასეთი პროგრამა — Culture and Creativity. ამ პროგრამით წავედი სლოვენიაში, როგორც კულტურული ოპერატორი ცეკვის სფეროში. იქვე ყოფილან ასევე თეატრები და მუზეუმები თბილისიდან. ახალგაზრდული თეატრის და გრიბოედოვის თეატრის წარმომადგენლები. პროგრამის წყალობით, ახლა გარკვეული პერსპექტივები გამომიჩნდა. ჩვენ ერთად შეგვკრიბეს ზუსტად იმისთვის, რომ კულტურულ ოპერატორებს საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და სომხეთიდან შექმნოდათ რაიმე სახის ნეთვორკინგი, იმისთვის რომ რაიმე ერთობლივი პროექტი შეგვექმნა.

ზოგიერთს ამ ტრენინგზე უკვე ვიცნობდი, მაგალითად, თეატრალურ გუნდს სომხეთიდან. გავიცანი სლოვენიელები, ვიპოვე ორი პარტნიორი. გარდა ამისა, საქართველოში კავშირებიც გავიმყარე. ტრენინგამდე მე არ შემეძლო აი ასე, უბრალოდ, მივსულიყავი თეატრის დირექტორთან და მეთქვა "გამარჯობა, მე ქეთი ვარ. მოდი რამე შევქმნათ ერთობლივად".

— გასაგებია, გაგიჩნდა საჭირო ბექგრაუნდი
— ზუსტად! იქ ერთად ვიყავით, დავმეგობრდით. და ეხლა ვაკეთებთ ერთობლივ პროექტს.
Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси лучшее, современная Грузия
— ქეთი, კიდევ რა სირთულეებს აწყდები, იმის გარდა რომ თანამშრომლობა არ უნდათ?
— ჩემი ორგანიზაცია პატარაა, მხოლოდ 2 წელია რაც არსებობს, სახელმწიფოს კი არ უნდა მსგავსი მცირე პროექტების მხარდაჭერა. არ ვსაუბრობ მხოლოდ ფულზე, დახმარება სხვადასხვანაირი არსებობს. მოსახერხებელი ფართი გამოგვიყონ, მაგალითისთვის (ქეთის გაკვეთილები ტარდება მცირე სარდაფში, იქ მოსახვედრად საკმაოდ ციცაბო კიბეზე ჩასვლაა საჭირო - რედ.) კიდევ ერთი პრობლემაა — კომუნიკაციის არარსებობა მცირე ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის. არ შეიძლება მიხვიდე სამინისტროში და იქონიო იმედი, რომ მინისტრი მიგიღებს. ისე, როგორც ეს ევროკავშირში მუშაობს. და არ არის გამჭვირვალობა მუშაობაში. ხანდახან მართალია არის მიზერული გრანტები, 5-10 ათასი ლარი. მაგრამ ეს დიდად არ გეხმარება, როდესაც პროექტი გაქვს 100 ათასზე გათვლილი.

— გამოდის, შენ აირჩიე სხვა გზა — საქართველოში მოხვდე ევროპის შემოვლით. ანუ ევროპა გეხმარება აქ კავშირების აწყობაში.
— დიახ! აი ზუსტად ახლა მაქვს მოლაპარაკებები დუმბაძის თეატრთან. დამთანხმდნენ ერთობლივი პროექტის შექმნაში. დუმბაძის თეატრის პროექტის პარტნიორი ვიქნები. სხვაგვარად უბრალოდ ვერ ვიშოვი პროექტისთვის საჭირო ფულს. თუმცა ვცდილობ ავიღო საერთაშორისო გრანტი, აპლიკაციები გავაგზავნე ცოტა ხნის წინ. მაგრამ თავს ვიზღვევ და დუმბაძის თეატრსაც ვესაუბრები.
მოკლედ, მალე, ღვთის მადლით, — ჯერ არც არავისთვის მითქვამს — დავიწყებთ დუმბაძის თეატრში ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლზე მუშაობას, სადაც პროექტის ქორეოგრაფი ვიქნები. შემოდგომაზე კი უკვე პრემიერა იქნება.თარიღს ავირჩევთ იმის მიხედვით, თუ რას დავდგამთ. თუ ზამთრის თემა იქნება, პრემიერა ნოემბერში იქნება. თუ ზაფხულთან ახლო თემატიკა - ოქტომბრის დასაწყისში.

— მაგარია!
— ძალიან მაგარი! ბოლომდე არც კი მეჯერება ისეთი მაგარი.

— ჯერ ერთი საერთო პროექტი გაქვთ დაგეგმილი?
— დიახ. შევხედოთ, როგორ გამოგვივა ერთად მუშაობა. თუ წარმატებული იქნა — მე მაინც რატომღაც მგონია, რომ ასეც იქნება — დავიწყებთ გასტროლების დაგეგმვას. კიდევ გეგმაშია რამე საერთო პროექტი სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ვინაიდან ორივე ადგილას პარტნიორები გვყავს. ეს ყველაფერი რეალურია. ამ სიტუაციაში მხოლოდ ფინანსირებაა საჭირო. ძალიან დიდი ფულიც არ არის საჭირო, საუბარი მილიონებზე არ არის. ეს წელიწადში 10 ათასი დოლარის ფარგლებშია - მაქსიმუმი. მართალია, ადრე მეგონა, რომ ინკლუზიურ სფეროში შედარებით ადვილია პროექტის დაფინანსება იშოვო, აღმოჩნდა რომ ასე არაა. მაინცდამაინც არავის უნდა ფულის გაღება.

— როდესაც ჩვენ ვაპირებდით თბილისში CanDoCo შოუზე წამოსვლას, ჩემი ნაცნობების ნაწილმა უარი განაცხადა წამოსვლაზე, ამბობდნენ "გვეშინიაო", "არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს ამ ყველაფრისგანო", "გული გამისკდება ისე შემეცოდება სცენაზე ხალხიო". ამ დროს, თითქოს რა შუაშია აქ შეცოდება? ხალხი ქმნის ხელოვნებას. მე ამას ვაჟკაცობად ვთვლი — დაიკიდო შენი დაავადება და გახვიდე სცენაზე. რა შეცოდებაზეა საუბარი?
— სხვათაშორის, მეგობრები მყავს მოსკოვიდან, ეტლით ცეკვის ფედერაციიდან. ხოდა ისინი დიდმა თეატრმაც კი მიიწვია, და იქ დადგეს "ჩვენი დროის გმირი". ეტლით ცეკვა დიდი თეატრის სცენაზე! როდესაც ლონდონში ვსწავლობდი, იქ შევამჩნიე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები თავს არ მიიჩნევენ ინვალიდებად, არამედ თვლიან სრულფასოვან ადამიანებად. საქართველოში კი 90% საკუთარ თავს ინვალიდად აღიქვამს და სარგებლობენ ამით. სხვათაშორის, წარმატებულადაც.
Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси лучшее, современная Грузия
— ქეთი, როგორ შეაგროვე შენი ჯგუფისთვის ხალხი?
— როცა პირველად სტაჟირებას გავდიოდი CanDoCo თბილისში, ტრენინგზე გავიცანი რატი იონათამიშვილი. მასთან ერთად დავდგით პირველი ინკლუზიური ცეკვა საქართველოში და ვაჩვენეთ იგი Caucasus Cup-ზე 2013 წლის მაისში. ეს რუმბა იყო. მერე რატიმ აღარ ისურვა ცეკვა, სხვა საქმეებით დაკავდა. სამაგიეროდ კი შემომთავაზა პოლონური საელჩოს და ფონდის პროექტში მონაწილეობა. ინკლუზიური საცეკვაო პერფორმანსის დადგმას აპირებდნენ და ეძებდნენ ქორეოგრაფებს. მე ერთადერთი ქართველი აღმოვჩნდი, ვინც მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

პროექტი 6 თვე გრძელდებოდა. ჩამოიყვანეს ქორეოგრაფი პოლონეთიდან, რომელმაც დადგა 2 სცენა სპექტაკლიდან, ხოლო სპექტაკლის დანარჩენი ნაწილები უნდა მოგვეფიქრებინა და დაგვედგა ჩვენით. პერფორმანსის იდეაც — თავისუფლება — პოლონურმა ფონდმა და ქორეოგრაფებმა მოგვაწოდეს. საბედნიეროდ, გუნდში რეჟისორი გოგო გვყავდა, ეს გარემოება ძალიან დაგვეხმარა მუშაობაში. 2014 წლის ივნისში პუბლიკას წარვუდგინეთ პერფორმანსი. ძალიან ლამაზი გამოვიდა.

ესე გავიცანი თემო არაბიძე, იდეაში, ჩემი პირველი საცეკვაო პარტნიორი, და სხვა ადამიანები, რომლებიც ეტლით სარგებლობენ. ანუ, ჩემი დასი გავიცანი, როდესაც ამ პერფორმანსს ვდგავდით. თემომ შემომთავაზა, მონაწილეობა მიგვეღო პროექტში "ნიჭიერი". მე თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა გადავწყვიტე მეცადა. შედეგად, გავიმარჯვეთ 2014 წლის "ნიჭიერში" (იცინის). ეს ნამდვილი ბომბა იყო! ჩვენი გამოსვლა პირველი ინკლუზიური წარმოდგენა იყო, რომელსაც მთავარი პრიზი მისცეს. და ყველაზე მაღალი რეიტინგი 6 წლის განმავლობაში. მას შემდეგ "ნიჭიერში" ყოველ წელს არის წარმოდგენილი ინკლუზიური პროექტები. მე ვთვლი, ჩვენი დამსახურებაა ეს.

ამას მერე ცნობადობაც მოჰყვა. ნანუკამ გამოშვება გააკეთა ჩემს შესახებ, ამბობდა, რომ "მეტ ქეთის ისურვებდა საქართველოში". ხალხმა დაიწყო ჩემი ასოცირება ინკლუზიურ სფეროსთან და თავად დაიწყეს რეკვა და მოსვლა. ასე გაჩნდა ჯგუფში ახალი ხალხი და დასიც ჩამოყალიბდა.
Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси лучшее, современная Грузия
— რამდენი ადამიანია შენს ჯგუფში?
— 4 ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობებით და 4-იც ფეხით მოსიარულე. ჩემი ჩათვლით, 8 ადამიანი ვართ. ყველანი მოყვარულები არიან, არა პროფესიონალი მოცეკვავეები, თუმცა მათ აქვთ პლასტიკა და მდიდარი შინაგანი სამყარო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩემი აზრით, შოუს განმავლობაში მთავარი — ემოციაა, რომ იგი მაყურებელსაც უჩნდებოდეს და იპყრობდეს მას. თუ ეს არ არის ცეკვაში — ეს დასასრულია. მე მინდა ვაგზავნო ემოციური მესიჯები და ძლიერი ქმნილებები გავაკეთო. ჩვენ ხშირად ვკარგავთ სიმარტივეს. და აი უკვე გვიჭირს კიდეც — შევიგრძნოთ. ზოგიერთ ადამიანს არც კი ესმის, უხარია რამე თუ არა.

ამიტომაც ჩემი ძირითადი აქცენტი წარმოდგენისას — ყოველთვის ემოციებზეა. ეს შეიძლება იყოს ბედნიერება ან ტკივილი, და მასზე, მერე უკვე, ფენად ედება რაღაც სხვა. ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს, ამას შეეფეთო და შემდეგ გადასცე ეს მაყურებელს. აქ მნიშვნელოვანია გახსნილობა და გაზიარების უნარი. ჩემებს ეს შეუძლიათ. და საერთოდაც, მე ესეთ ადამიანებს ვიზიდავ.

— სად ვარჯიშობთ?
— ვქირაობ ფართს. ადრე მთლიანად ჩემი ხარჯით. ეხლა ვთხოვ მონაწილეებს დამეხმარონ ქირის გადახდაში, 20-20 ლარი დადონ თვეში, რადგან დამოუკიდებლად ვერ ვქაჩავ ქირას. ფართის პატრონიც გაგებით გვეკიდება, მინიმალურ თანხას გვახდევინებს. მაგრამ ეხლა უკვე უკეთესადაა საქმე, ჩვენ ხომ დუმბაძის თეატრში გვექნება რეპეტიციები, ისინი გამოგვიყოფენ სარეპეტიციო ფართსაც, კვირაში ერთხელ მაინც — დანამდვილებით.
Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси лучшее, современная Грузия
— ქეთი, რა არის შენი შთაგონების წყარო?
— სისრულის განცდა მეუფლება, როდესაც ვხედავ, თუ როგორ აღწევენ ჩემი ბავშვები წარმატებას. როდესაც ვხედავ მათ სიხარულს წარმოდგენის შემდეგ. ვხედავ, რომ მათ გამოსდით, რომ ისინი ბედნიერები არიან და ვხვდები, რომ ტყუილად არ ვშრომობ.

კიდევ — როდესაც ვინმესთვის ცხოვრებაში გზის მაჩვენებელი ვხდები. მაგალითად, ჯგუფში მყავდა ლიკა, რომელიც შემდგომში წავიდა, რათა მოცურავე გამხდარიყო. საცეკვაო ჯგუფში მონაწილეობის შედეგად მან საკუთარი ბედი იპოვა. თუ ლიკა პაროლიმპიური ჩემპიონი გახდება ცურვაში, მე მას ამაში ხელს არ შევუშლი, პირიქით — ძალიან გამეხარდება. საერთოდაც, მე ვთვლი, რომ მასწავლებლის მოწოდებაა — გახსნას ადამიანი და მისი შინაგანი ძალა. დაინახოს ეს ნაპერწკალი და გააღვივოს ის.

— რაში მდგომარეობს შენი დიდი მიზანი?
— ჩემი საბოლოო მიზანია — საქართველო მსოფლიო დონეზე გავიყვანო. შევცვალო იგი უკეთესობისკენ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები, მე ყოველთვის გავაკეთებ რაღაცას საქართველოსთვის და საქართველოში. მინდა, რომ თუნდაც ერთი ჩვენი წარმოდგენა მოხვდეს ფესტივალზე გლაზგოში, იქ ტარდება დიდი ინკლუზიური არტ-ფესტივალი. მე ამას ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებ.

— როგორ ფიქრობ, რა არის მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად?
— უნდა ხდებოდეს გასვლები, საჭიროა მუდმივი განვითარება. მაშინაც კი, თუ სუპერ-ნიჭიერი ხარ. ყველაფერი მუდმივად იცვლება, არ უნდა ეჭიდებოდე სტატუსს.

— რა გაძლევს მოტივაციას?
— როდესაც აუდიტორია გაძლევს პასუხს, კარგად გამოგივიდა თუ ცუდად. თავისი რეაქციით. ეს მაძლევს მოტივაციას. და კიდევ როდესაც CanDoCo-მ თქვა "ეხლა თქვენ გყავთ ქეთი", გრანდიოზული აღმაფრენა განვიცადე. იმიტომ, რომ ცოტათი ჩემი თავის არ მჯერა. ყოველთვის მაქვს შიში, რომ ვერ ვარ საჭირო დონეზე. აქ კი — უცებ ასეთი კომპლიმენტი (იცინის).

ინკლუზიურ სფეროში მუშაობის პროცესში ბევრი ჩემი სტერეოტიპი დაიმსხვრა. თუმცა ბევრი ნერვიულობა და იმედგაცრუებაც იყო. მათ შორის ადამიანებთან მიმართებაში. ყველა არ არის ისეთი მოტივირებული, როგორც მე. და ხანდახან მიჭირს ადამიანების მოტივაცია.

— რა ზეგავლენა აქვს თბილისს შენზე? რა არის განსაკუთრებული ამ ქალაქში შენთვის?
— აქ ცხოვრება დუღს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა, როდესაც აქ ჩამოდიხარ. მაგრამ შემდეგ ეს შეგრძნება გისუსტდება. მე უფრო ვგრძნობ თავად საქართველოს მისტიკურ ენერგიას, და არა თბილისის განცალკევებულად. ჩემთვის საქართველო — ძლიერი ადგილია. თუმცა სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყანა ვართ მსოფლიოში.

— იქნებ, თბილისი საჭიროა, რომ შენი ნებისყოფა აირეკლოს?
— შეიძლება. მე საერთოდ ვთვლი, რომ სამყაროში არ არსებობს შეცდომები, არის მხოლოდ გამოცდილება. ამ გაგებით — რა თქმა უნდა, ეგრეა! ცხოვრება თეთრი ან შავი არ არის. ის ფერადია, მრავალფეროვანი. არასოდეს არის მხოლოდ კარგი. მაგრამ ეს ცხოვრებაა ასე მოწყობილი. როდესაც ამას შეეგუები — მაშინვე გიმარტივდება აღქმა.
ქეთისთან დაკავშირება:
Email: geoparadance@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/keti.zazanashvili
Кети Зазанашвили, театр, инклюзивная танцевальная труппа, Тбилиси лучшее, современная Грузия
სურათები: ქეთი ზაზანაშვილის პირადი არქივიდან
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები