TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
around, space

გოდერძი — დათოვლილი ფერდობები აჭარის სუბტროპიკებში

ზამთრის კურორტი თხილამურების, სნოუბორდის და ფრირაიდის მოყვარულთათვის
ზამთარი თითქმის მოვიდა და საახალწლო დასვენებაზე ფიქრის დროც დადგა. ამასთან დაკავშირებით, მოგითხრობთ ჩვენს შარშანდელ ვიზიტზე გოდერძის ზამთრის კურორტზე. კურორტის მენეჯერმა შეგვატყობინა, რომ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

ვურჩევთ კურორტს ყველა ბუნების მოყვარულ ადამიანს, ვისაც სურს ზამთარი გაატაროს მყუდრო სახლში, ისეირნოს თეთრი ფაფუკი თოვლით დაფარულ ხეებს შორის და საღამოობით ახლო მეგობრების წრეში მიეფიცხოს ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს. არ ვურჩევთ მათ, ვისაც ძალიან მაღალი მოთხოვნილებები აქვს კვების და სერვისის მიმართ და უყვარს ხმაურიანი ხალხმრავალი ადგილები.

მიმოხილვის შედგენაში დაგვეხმარა კარინა ლაგოდიენკო — ელბრუსის მთისპირეთში და არატურისტულ სვანეთში ლაშქრობების და თავგადასავლების ორგანიზატორი. სრული მიმოხილვის წაკითხვა და შეკითხვების დასმა შესაძლებელია Trip2Caucasus-ის ოფიციალურ გვერდზე.
გზა
ყველაზე მარტივად გოდერძიმდე ჩაღწევა შესაძლებელია თბილისიდან Mitsubishi Delica ან სხვა მაღალი გამავლობის მანქანით. მანქანის ქირავნობის ფასები დამოკიდებულია ტურების ორგანიზატორთან ურთიერთობის სიახლოვით.

აგრეთვე შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მგზავრობა. ამისთვის მოგიწევთ, უპირველეს ყოვლისა ჩახვიდეთ ბათუმში, მაგალითად, მატარებლით ან ავტობუსით. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ავტოსადგურზე მოხვდეთ დილის 8.00 – 9.00 საათამდე (ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის პირველ ნომერში) და ჩაჯდეთ ხულოში ან გოდერძიში მიმავალ სამარშრუტო მიკროავტობუსში. ბათუმიდან მთლიანი მგზავრობის ღირებულება დაგიჯდებათ 10-დან 15 ლარამდე ადამიანზე. ბათუმიდან გოდერძიმდე მანძილი დაახლოებით 100 კილომეტრს შეადგენს.

შედარებით მოკლე გზა ახალციხიდან გოდერძიმდე 2017-2018 ზამთრის სეზონზე არ გაიხსნება.

სასტუმროები, კაფეები, მაღაზიები
კურორტზე არის მუნიციპალური კოტეჯები, გათვლილი 12-14 ადამიანზე, რომლებიც საბაგიროდან 100-200 მეტრში მდებარეობს. ეს არის საკმაოდ სასიამოვნო, თუმცა გარკვეული ხარვეზებით აშენებული სახლები. ტყეში გამავალი მრავალი ფანჯრით, თბილი და ალაგ-ალაგ მყუდრო ინტერიერით. სასურველია ესტუმროთ ერთ-ერთ ასეთ სახლს და მთლიანად დაიკავოთ იგი სულ ცოტა 10-12 ადამიანისაგან შემდგარი კამპანიით, თუმცა შეგიძლიათ შემთხვევითობასაც მიენდოთ და დასახლდეთ იგივე მომენტში სტუმრად ჩასულ სხვა სასტავთან ერთად, რომელთა დღე-ღამის რეჟიმის და ცხოვრებისეული პრინციპების შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერი იცით. ყოველ კოტეჯს აქვს 4 საძინებელი, საერთო სამზარეულო (მზარეულობა თავად მოგიწევთ, პროდუქტებიც თქვენ უნდა ჩაიტანოთ), სასადილო ოთახი, დიდი საერთო ოთახი ბუხრით და რამოდენიმე ტექნიკური სივრცე თხილამურების, ჩექმების და სხვა ინვენტარის შესანახავად.

2017-2018 წლის სეზონზე ორადგილიანი საძინებლის ღირებულება 100 ლარი, ხოლო ოთხადგილიანის — 150 ლარი იქნება.

ნორმალური რესტორნები ან მაღაზიები კურორტზე ჯერ არ არის: არის ერთი სასადილო სკი-პატრულის შენობაში, მწირი მენიუთი, და ორი უცნაური ჯიხური — ბოლომდე დაუდგენელი საქონლით. თუმცა შეგიძლიათ რომელიმე ამ საზ-კვების ობიექტის მეპატრონეს შეუთანხმდეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტების ჩამოტანაზე. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ შედარებით იაფად ცხოვრება ახლომდებარე სოფელ დანისპარაულში. თუმცა კაფეები იქ საერთოდ არ არის, ცხოვრება მოგიწევთ გესთ-ჰაუსებში, ხოლო საბაგირომდე მგზავრობისთვის დაგჭირდებათ ტაქსი ან მანქანა.
სკი-პატრულის კაფე
მენიუ
გიგანტური აჭარული სინორი
საბაგიროები
საბაგირო ღირს 20 ლარი მთელი დღით ან 5 ლარი ერთი ასვლა.

ამჟამად ფუნქციონირებს მხოლოდ ორი საბაგირო. პირველი — ტყის ზონაზე გამავალი გონდოლა, მეორე კი — სავარძლით აღჭურვილი სათიბების და ველების თავზე გამავალი ხაზი. სიმაღლის ვარდნა საერთო ჯამში შეადგენს დაახლოებით 700 მეტრს. ზაფხულობით სასრიალო ტრასების ტერიტორიაზე გადის ძირითადი საავტომობილო გზა, ხოლო მინდვრები საძოვრებად იქცევა, ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ სრიალისას თხილამურს წამოსდებთ ღობეს, საგზაო ნიშანს, საქონლისთვის განკუთვნილ მავთულხლართს ან საზაფხულო ფიცრულის სახურავიდან გადმოხტებით.

მეორე საბაგიროზე ორი ტრასაა — ერთი ძალიან მცირე დაქანებით, მეორეს არაუშავს. პირველ საბაგიროზე ერთი ტრასაა, მთლიანობაში ძალიან მცირე დაქანებით. თუმცა, ახალი თოვლის პირობებში პირველ საბაგიროზე ფრირაიდით სრიალი არის ყველაზე საინტერესო მოვლენა ამ ადგილას — ხეებში, ჭალებში, მდინარეების კალაპოტებში და მინდვრებში. თუმცა, ისევ და ისევ, შესაძლოა გადააწყდეთ 100-300 მეტრი სიგრძის "საშაგაო" მონაკვეთებს. თუ გაქვთ სურვილი იკვლიოთ ახალი ადგილები ან მოიცვათ ტყის ფართო ზონები, საბაგიროდან მოგიწევთ ცოტა ფეხით გავლა (შესაძლებელია სკიტურის გარეშეც).

ხალხი
გასულ წელს კურორტის ვიზიტორების 90% აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა, 5% — უკრაინელები, ხოლო 5% — ფრირაიდის მოყვარული უცხოელები იყვნენ, რომლებიც შეადგენდნენ თოვლის მტკეპნი ბულდოზერების ძირითად კლიენტურას. ასე რომ ფასებზე მოლაპარაკებისას — ევაჭრეთ! იგივე რჩევა აქტუალურია მაღაზიებთან მიმართებაშიც — თბილისელებისთვის ფასები შესაძლოა ორჯერ ან მეტჯერ აღემატებოდეს სტანდარტულებს.

გაქირავება და სერვისი
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ადგილზე არის სასრიალო აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები. თუმცა ისინი ძირითადად გამიზნულია ჯინსებიან მოთხილამურეთა სეგმენტზე, ასე რომ არ ელოდოთ ადეკვატურ ინვენტარს, წაიღეთ თბილისიდან. სერვისი არ არის.

კოტეჯის დაჯავშნა
http://goderdzi.com/
https://www.facebook.com/goderdzi.ski
კოტეჯის ტელეფონი: სოფო (+995) 599-202-491
ან მოიწყვეთ თავგადასავალი Trip2Caucasus-თან ერთად.
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring
comments powered by HyperComments